მთავარი

დღეს, კულტურული ურთიერთგაცვლების მაღალი აქტივობის ეპოქაში აუცილებელია ქართული ლიტერატურის გამოყვანა იზოლაციიდან და მისი შეთავაზება საერთაშორისო ინტელექტუალური საზოგადოებისათვის. ამ პროცესის მთავარ ბერკეტს კი მთარგმნელობითი წრეების მოზიდვა და დაინტერესება წარმოადგენს: თარგმანის მეშვეობით საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს კულტურათაშორის დიალოგს, რაც ქართული ლიტერატურის ევროპულ კონტექსტში სრულფასოვნად ჩართვის აუცილებელი წინაპირობაა.

“თარგმანის ლაბორატორიის” ვებ-გვერდის მიზანია საქართველოში მთარგმნელობითი მოღვაწეობის ხელშეწყობა ქართული მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის შემდგომი პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის მიზნით. ვებ-გვერდის ძირითადი პრიორიტეტი და მიმართულება ქართულიდან სხვადასხვა უცხო ენებზე შესრულებული თარგმანია. ის ფოკუსირებულია სამ მიმართულებაზე:

ა) მხატვრული თარგმანი
ბ) სამეცნიერო თარგმანი
გ) თარგმანი შუალედური ენების მეშვეობით

ვებ-გვერდზე განთავსდება: საჭირო და კვალიფიციური ინფორმაცია ქართული ლიტერატურის შესახებ, როგორც კლასიკოსების, ისე — თანამედროვე ავტორების შემოქმედების გათვალისწინებით; ავტორებისა და მთარგმნელების მონაცემთა ბაზები; ქართული ტექსტების და მათი თარგმანების ვრცელი ფრაგმენტები, რაც ხელმისაწვდომი იქნება უცხოური სააგენტოებისა და საგამომცემლო სახლებისათვის.

ძირითადი შედეგები:

  • ქართული ლიტერატურული და ლიტერატურათმცოდნეობითი რეალობის გაცნობა ჩვენი უცხოელი კოლეგებისათვის;
  • ცნობილი თანამედროვე უცხოელი მთარგმნელებისა და სპეციალისტების დაინტერესება ქართული ლიტერატურული ტექსტების თარგმნით, შორს მიმავალი საგამომცემლო პერსპექტივებით;
  • საქართველოში ამჟამად არსებული მთარგმნელობითი პრაქტიკის ობიექტური შეფასება და რეალური ორიენტირების დასახვა.

ბაზა:

  • კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA);
  • შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.

კვალიფიკაცია:

  • კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის ბაზაზე არსებული მხატვრული თარგმანის სპეციალისტთა ჯგუფი;
  • შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბაზაზე არსებული სამეცნიერო-ლიტერატურათმცოდნეობითი თარგმანის სპეციალისტთა ჯგუფი;
  • მოწვეულ კვალიფიციურ მთარგმნელთა ჯგუფი.