ლინ კოფინი

ამერიკელი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი

ლინ კოფინი დაიბადა ლონგ აილენდზე (ნიუ იორკი) 1943 წლის 12 ნოემბერს. დაამთავრა მიჩიგანის უნივერსიტეტი. ამავე უნივერსიტეტიდან მიიღო მაგისტრის ხარისხი. კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლებისას მიიღო ხელოვნების მაგისტრის ხარისხი. ის ხელოვნების და კულტურის მსოფლიო აკადემიის (იუნისეფი) საპატიო დოქტორია. მოგვიანებით ის Michigan Quarterly Review-ს ასოცირებული რედაქტორი იყო და მიჩიგანის უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიდა.

ლინ კოფინი თხუთმეტი წიგნის ავტორია. თავისი პოეზია, პროზა და არამხატვრული ტექსტები გამოქვეყნებული აქვს ორმოცდაათზე მეტ ყოველკვარტალურ თუ მცირე გამოცემებში, მათ შორის Catholic Digest და ჟურნალი Time. მისი ერთ-ერთი პირველი მოთხრობა გამოქვეყნდა Michigan Quarterly Review-ში, რომელიც შემდეგ 1979 წლის საუკეთესო ამერიკული პატარა მოთხრობების კრებულში მოხვდა და რომლის რედაქტორიც ჯოის ქეროლ ოუთსი იყო. მისი პიესები იდგმებოდა მალაიზიაში, სინგაპურში, ბოსტონში, ნიუ იორკში, დეტროიტში, ენ არბორში, სიეტლში. ის მონაწილეობდა ნობელის პრემიის ლაურეატი ისეთი პოეტების საღამოებში, როგორებიცაა იოსიფ ბროდსკი, ჩესლავ მილოში და ფილიპ ლევინი.

მას ნათარგმნი აქვს იოსიფ ბროდსკის და ჩესლავ მილოშის პოეზია. 2013 წელს გამოვიდა ქართული პოეზიის მისეული თარგმანების ორენოვანი კრებული “Georgian Poetry. Rustaveli to Galaktion”, რომელიც გამომცემლობა Slavica-მ დასტამბა. მასში შესულია რუსთაველის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის და სხვათა ლექსების ლინ კოფინისეული თარგმანები. ნათარგმნი აქვს დათო ბარბაქაძის და გიორგი კეკელიძის ლექსები. ამჟამად მუშაობს “ვეფხისტყაოსანის” პოეტურ თარგმანზე.

ის ვაშინგტონის პოეტთა ასოციაციის, PoetsWest-ის, სიეტლის დრამატურგთა სტუდიის და დრამატურგთა გილდიის წევრია. ამჟამად ცხოვრობს სიეტლში.