რევაზ ინანიშვილი

პროზაიკოსი, მცირე პროზის კლასიკოსი

რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წელს 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. ხუთი კლასი დაამთავრა მშობლიურ სოფელში. 1937 წელს ოჯახთან ერთად გადმოვიდა საცხოვრებლად თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ომის წლებში, 1943-45 წლებში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. აქედან გადავიდა სასწავლებლად საავიაციო ტექნიკუმში. ეს სასწავლებელი არ დაუმთავრებია. 1947 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1949 წელს უნივერსიტეტი მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო, იმავე წელს მუშაობა დაიწყო სამგორის არხის მშენებლობაზე. 1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”. 1966 წელს გადავიდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილებაში. 1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ “დილას” რედაქტორი. პირველი მოთხრობა “სახსოვარი” გამოაქვეყნა ალმანახ “პირველ სხივში” 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული “პირველი მოთხრობები” — 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ბიბლიოგრაფია
ძირითადი კრებულები
  • “მეგობრისადმი მიწერილი წერილებიდან” (1958)
  • “წვეთები ფოთლებზე” (1962)
  • “ცისფერი გორგალი” (1968)
  • “საღამო ხანის ჩანაწერები” (1971)
  • “ბარისკენ მოფრინავს ჯაფარა” (1974)
  • “ჩიტების გამომზამთრებელი” (1978).
საბავშვო კრებულები
  • “ბედნიერი მთა” (1960)
  • “ბობო” (1964)
  • “სად ცხოვრობს მეზღაპრე” (1970)
  • “მგლის ლეკვები” (1973)
  • “შორი თეთრი მწვერვალი” (1976)
სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები
  • “არდადეგები”
  • “დაბრუნებული ღიმილი”
  • “ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება”
  • “ფერმა მთაში”
  • “ზაფხული სოფლად” (“პასტორალი”, თანაავტორი: ოთარ იოსელიანი)
  • “ნატვრის ხე” (გიორგი ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი: თენგიზ აბულაძე)
  • “ქვიშანი დარჩებიანო” (თანაავტორი: გიორგი შენგელაია)
პრემიები და ჯილდოები
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საბავშვო მოთხრობების კრებულისთვის “შორი თეთრი მწვერვალი” (1976)