ნინო დარბაისელი

პოეტი, ლიტერატურათმცოდნე

ნინო დარბაისელი დაიბადა 1961 წლის 8 მარტს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იბეჭდება 1974 წლიდან, ფართო დებიუტი შედგა 1977 წელს ქართული პოეზიის ყოველწლიურ ანთოლოგიაში “პოეზიის დღე”.

საქართველოს მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის გამომცემლობა “მეცნიერების” მთავარი რედაქტორი (1990-1995). საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ “კავკასიური სახლის” დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-საგამომცემლო დარგში (1994-1997). საქართველოს სახელმწიფო პრემიის ნომინანტი პუბლიცისტიკის დარგში (2005).ფილოლოგიის დოქტორი: დისერტაცია თემაზე “ქართული ვერლიბრი” (1992). 1999 წლიდან ნინო დარბაისელი იყო შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი. 2000 წლიდან მუშაობდა “გალაკტიონის კვლევის ცენტრში”. 2001 წლიდან — ყოველწლიური სამეცნიერო პუბლიცისტური კრებულის “გალაკტიონოლოგიის” პასუხისმგებელი მდივანი. შეყვანილია ცნობარში “Who is Who among World Business and Art Women” (2002). ამჟამად ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

პოეტური კრებულები:
  • “ახალდედები” (1987)
  • “ჩემი სიყვარულის პწკარედი” (1996)
  • “დილისპირული” (2002)
  • “დიოტიმა” (2005 და 2006)
  • “ვიტა ბრევის” (2010)