მანანა მენაბდე

მუსიკოსი, მწერალი, მხატვარი, მსახიობი

მანანა მენაბდე დაიბადა თბილისში 1948 წელს, მომღერლების — დები იშხნელების ოჯახში, რომლებიც ქართული ქალაქური რომანსის დამაარსებლებად ითვლებიან. სწავლობდა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდა მომღერალი სოლო კონცერტებით გამოდიოდა მოსკოვში, თუმცა ოფიციალურ საბჭოთა ესტრადაში ის აშკარად არ ეწერებოდა… მისი მუსიკალური ნაწარმოებები პირველად ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ფილმში “დღეს ღამე უთენებია” აჟღერდა (ფილმმა 1982 წელს კანის კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი დაიმსახურა), სადაც მანანა მენაბდე თვითონვე მღეროდა საკუთარ სიმღერებს და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა მისი შემოქმედების მთავარი კონცეფცია — ქართული ხალხური მუსიკალური საწყისების თანამედროვე მუსიკალური ენის საშუალებით გადმოცემა. 1991 წლიდან მანანა მენაბდე ბერლინში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მან საკუთარი თავი შემოქმედების არაერთ სფეროში გამოსცადა. ის წერს პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებს, ხატავს და კერამიკულ ნაკეთობებს ამზადებს. ის თანამშრომლობდა ქართულ ფოლკლორულ ჯაზ კოლექტივთან “შინ”, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ქართულ მუსიკალურ ტრადიციებთან. ამას გარდა, მანანა მენაბდემ ნიკა მაჩაიძესა და გოგი ძოძუაშვილთან ერთად ჩაწერა ალბომი “Sami“, რომელშიც მომღერლის რეპერტუარი თრიფ ჰოპის სტილის არანჟირებითაა წარმოდგენილი.

ბიბლიოგრაფია
  • ” და დრო გადიოდა…” იგავები, რუსულ ენაზე (2004)