ირაკლი ჩარკვიანი (მეფე)

მუსიკოსი, პოეტი, პროზაიკოსი

ირაკლი ჩარკვიანი დაიბადა 1961 წლის 19 ნოემბერს, თბილისში. გარდაიცვალა 2006 წელს. მოღვაწეობის უკანასკნელ წლებში უფრო მეტად ცნობილი იყო ფსევდონიმით — მეფე.

მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯერ ჯგუფ “არიშთან”, ხოლო შემდეგ ინდი ჟანრის კოლექტივთან “ტაქსი”, რომლის ალბომი “ტაქსი” 1988 წელს გამოიცა. ირაკლის მონაწილეობით შემდგარი სხვა პროექტები იყო: ელეტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი Childrens’ Medicine (საბავშვო მედიცინა) (1991-1992); Georgian Dance Empire (1993, ელექტრონული მუსიკა); Daira (1997) — პროექტი, რომელიც ლივერპულში მოქმედებდა და რომელშიც მონაწილეობდნენ ირაკლი და დადა დადიანი. მისი პირველი სოლო-დისკი, Svan Songs ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). ეს ალბომი დღემდე 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად ითვლება. 1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისთვის “ორფეოსის სიკვდილი”. 1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი “აფრენ”. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი “ამო” 2001 წელს გამოჩნდა. 2004 წელს გამოვიდა ალბომი “სავსე”. ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად მეფე აირჩია. მოგვიანებით შეგროვილ იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა ალბომი “ძირს მეფე”.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ამერიკული ლიტერატურის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსები და მოთხრობები იბეჭდებოდა 1980-იანი წლების პერიოდულ გამოცემებში, მათ შორის ჟურნალ “ნობათში”. 1990-იან წლებში, კოტე ყუბანეიშვილთან და პაატა ქურდაძესთან ერთად, მან დააარსა არტ-გაერთიანება “რეაქტიული კლუბი”, რომელიც საქართველოში სრულიად ახალი და რევოლუციური მოვლენა იყო. ეს იყო პოეტთა ერთგვარი ორდენი, რომელიც ებრძოდა 80-იანი წლების “ურა პატრიოტიზმით” გაჯერებულ ტენდენციას პოეზიაში. 1991 წელს ის, კოტე ყუბანეიშვილთან ერთად, ოქსფორდის უნივერსიტეტის პოეზიის საზაფხულო სკოლაში სწავლობდა. 1989 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების კრებული “ძველი სათამაშოები”. 1990 წელს გამოიცა ლექსების კრებული “რეაქტიული კლუბი”, სადაც მისი ლექსებიც შევიდა.

ბიბლიოგრაფია
  • “ძველი სათამაშოები” მოთხრობების კრებული (1989, 2009)
  • ლექსები კრებულში: “რეაქტიული კლუბი” (1990)
  • “მშვიდი ცურვა” ავტორომანი (2006, 2008)
  • მეფე ირაკლის ლექსები (2008, 2011)
  • “საავტორო სვეტები, ინტერვიუები” (2011)
ჯილდოები და პრემიები
  • რუსთაველის სახელმწიფო პრემია, ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2013)