დავით დეფი

პოეტი, პროზაიკოსი, პერფორმერი, მულტიმედია არტისტი

დავით დეფი გოგიბედაშვილი დაიბადა 1968 წლის 21 ივნისს, თბილისში.

დაამთავრა თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა. 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის ფაკულტეტი. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში: გაზეთები, რადიო, ტელევიზია. ტელეკომპანია “მეორე არხში” დააარსა ორიგინალური საავტორო მედიაპროექტი “მზეRA“. 1995 წლიდან 2000 წლამდე თანამშრომლობდა ცნობილ რეჟისორებთან ოთარ იოსელიანთან და ნანა ჯორჯაძესთან. არის მთელი რიგი პოეტური პერფორმანსებისა და აქციების სულისჩამდგმელი და მონაწილე. “ვარდების რევოლუციის” დროს იყო დაუმორჩილებლობის მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი. 2004 წლის 21 მაისს დააარსა პოეტური ორდენი “სამკაული”. განახორციელა ოთხნაწილიანი პოეტური აქცია “ოთხი სტიქია”, გამოიცა წიგნი “სამკაული” და ორნაწილიანი აუდიოალბომი “ამიშვი ცამდე”. რუსული ინტერვენციის დროს ჩაეწერა მოხალისეთა არმიაში, დააარსა სამოქალაქო სოლიდარობის შტაბი. 2008 წელს ლვოვის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე განახორციელა პოეტური პროექტი “ობსერვატორია”, სადაც თავის ლექსებში პირველმა გამოიყენა კვადროფონია ვიზუალურ წარმოდგენასთან ერთად. 2010 წელს გამოვიდა მისი პოეზიის აუდიო–ალბომი დაფიონი Supernova Domine.

1994 წელს გამოაქვეყნა ესეების კრებული “მკვდარი დრო”, რომელიც შეეხებოდა ადამიანის ბედს იმდროინდელ მსოფლიოში. წიგნი შედგება ციტატებით ბიბლიიდან და მოიცავს ადამიანის ქცევის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. 2000 წელს გამოდის დიალოგების ორიგინალური კრებული “P.S.” — დიალოგები წიგნის გმირებთან, მათი ბედი ავტორიზებულ ტექსტში. 2003 წლიდან ზედიზედ ქვეყნდება მისი სამი რომანი: “ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს”, “დეკემბრის თილისმა”, “დილა სასწაულების წინ”. რომანი “ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს” ითარგმნა გერმანულ ენაზე. 2007 წელს გამოიცა დეფის მიერ შესრულებული თარგმანი ხალილ ჯიბრანის “წინასწარმეტყველისა”, ხოლო 2008 წელს გამოდის რომანი “დემნა გედევანიშვილი”, ორნაწილიანი რომანი პროლოგითა და ეპილოგით და გაგრძელებით ინტერნეტში. 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთის ინტერვენციის დროს დაარსა სამოქალაქო სოლირადობის შტაბი და რუსეთის სამხედრო აგრესიას საპროტესტო მიტინგებით უპირისპირდებოდა. არის სლოგანი Stop Russia -ს ავტორი.

2003 წელს გამოიცა ლექსების წიგნი “ზურმუხტი და საფირონი”. 2004 წლიდან ქვეყნდება მისი პოეტური ტრილოგია “დაიქცა”, რომელიც მოიცავს სამ დამოუკიდებელ წიგნს: “და”, “იქ”, “ცა”. 2006 წელს გამოიცა ლექსების კრებული “სამკაული” და აუდიოალბომი “ამიშვი ცამდე”. სამკაულისგან განცალკევებით დეფიმ შექმნა ახალი პროექტი “High Definition“, რომელიც მოიცავს მისი პოეზიის აუდიო და ვიდეო ალბომს სახელწოდებით “დაფიონი — Super Nova Domine“. მისი ნაწილი, სახელწოდებით “ობსერვატორია”, 2008 წელს ქალაქ ლვოვში გამართულ პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე იქნა წარმოდგენილი და უკრაინული მედიის მიერ პოზიტიურად შეფასდა.

2011 წელს, დეფი პოეტთა და რომანისტთა ამერიკული საზოგადოების — “ლედიგ ჰაუსის” წევრი ხდება. მისი მოთხრობა “დასასრულამდე” ალექსანდრე ჰემონის მიერ არჩეულია ევროპის საუკეთესო მხატვრულ ნაწარმოებად 2012. (ა.შ.შ. ჩიკაგო. ნიუ იორკი. გამომცემლობა “დალქი არქაივ პრეს”). ლედიგ ჰაუსთან ერთად, ამავე წელს (2011) სალმან რაშდის, იკაბ ორსოსის, ჯოშუა ფარსტის და დი დაბლ იუ გიბსონის მიერ, დავით დეფი მიწვეულია ნიუ იორკში, მსოფლიო პენ ფესტივალზე. სადაც შედგა დეფისა და ლორი ანდერსონის ერთობლივი წარმოდგენა, სახელწოდებით “მეორე კანი”.

დეფის პოეზიაზე ლორი ანდერსონმა მუსიკა საგანგებოდ დაწერა. წარმოდგენა მანჰეტენზე გაიმართა. 2011 წლის 29 აპრილს, ლექსინგტონ ავენიუზე, ანტერბერგის მსოფლიო პოეზიის დარბაზში. წარმოდგენაში მონაწილეობდა პულიცერის პრემიის ლაურეატი, ამერიკელი პოეტი იუზეფ კომუნიაკა. იმავე წელს დავით დეფის, ნიდერლანდების ქალაქ ჰაარლემში, პოეზიის ყოველწლიური ფესტივალი “რევოლუცია”, თავისი პერსონალური წარმოდგენით იწვევს.

სიახLOVE. 2011 წლის აპრილში, ინგლისურ ენაზე თარგმნილი მისი პოეზიის ნაწილი, წიგნიდან “ნათებანი” და ასევე ლექსი “21 რიტუალური კოცნა” ქვეყნდება ა.შ.შ–ის და კერძოდ ნიუ იორკის ერთ–ერთ უმთავრეს ლიტერატურულ საიტზე Wild River Review. ამავე საიტზე ქვეყნდება მასთან ინტერვიუც. აგვისტოში სრულდება დეფის პოეზიის ახალი ციკლი “აბსოლუტური ნიუ იორკი” და იწყება კიდევ ერთი ახალი ციკლი, სახელწოდებით “აქედან ყველანი ცოცხლები გავალთ”.

ბიბლიოგრაფია:
  • სამყაროს ყველა საიდუმლო (რომანი) (2014)
  • დავით დეფი, აქედან ყველანი ცოცხლები გავალთ, (პოეზია) წიგნები ვაკეში (2012)
  • დავით დეფი, სევდია (პოეზია) წიგნები ვაკეში (2011)
  • “ბაღები”. რომანი (2010)
  • “დნმ სიმფონია”. პოეზია. სამნაწილიანი წიგნი (2010)
  • “დაფიონი SUPERNOVA DOMINE“. პოეზია. აუდიო–ალბომი სიმებიან კვარტეტთან და ელექტრონულ ბენდთან ერთად (2009-2010)
  • “დაიქცა”. პოეზია (2009)
  • “ნათებანი SUPERNOVA DOMINE“. ლექსების კრებული (2009)
  • “დემნა გედევანიშვილი”. რომანი (2008)
  • “იქ”. ლექსების კრებული (2008)
  • აუდიო ალბომი “სამკაული — ამიშვი ცამდე” (2007)
  • “სამკაული”. ლექსების კრებული (2007)
  • “წინასწარმეტყველი — ხალილ ჯიბრანი”. თარგმანი ინგლისურიდან (2007)
  • Finde mich mein Zwillingsbruder“. (რომანი “ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს” გერმანული თარგმანი) (2007)
  • “და”, “ცა”, ლექსების კრებული (2006)
  • “ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს”. რომანი (2005)
  • “დილა სასწაულების წინ”. რომანი (2004)
  • “დეკემბრის თილისმა”. რომანი. გამომც. (2003)
  • P.S.” — დიალოგების ორიგინალური კრებული (2003)
  • “ზურმუხტი და საფირონი”. ლექსები (2003)
  • “მკვდარი დრო” (1994–1997)
ელექტრონული გამოცემა:
  • დავით დეფი, თორმეტი ანგელოზი, (პოეზია) აშშ. ნიუ იორკი, საიტი და გამომცემლობა, Wild River Review – Wild River Books. USA (2012)
  • დავით დეფი, Absolute New York, (პოეზია). (გამოქვეყნებულია საიტზე dephy.ge) (2011)
თარგმანები:
  • დავით დეფი, იასამნისფერი ლეკვი თეთრ ტილოზე. (მოკლე მოთხრობა) ბრაზილია, მთარგმნელი: ფაბიო გუმარაეს ბენსუსენი, Lumme (2014)
  • დავით დეფი, სკამი, (მოკლე მოთხრობა) ბრაზილია, მთარგმნელი: ფაბიო ბენსუსენი, Lumme (2013)
  • დავით დეფი, დილა სასწაულების წინ, (რომანი) ბრაზილია, მთარგმნელი: უმერო კარდოსო, Lumme (2013)
  • დავით დეფი, სიტყვები სიტყვები სიტყვები, (მოკლე მოთხრობები) ბრაზილია, მთარგმნელი: ამარილის ანჩიეტა, ლუჩია ჰუგუენეი, ეკლაირ ანტონიო ალმეიდა ფილო, Lumme (2013)
  • დავით დეფი, ბაღები და ეშმაკთა სამკვიდრო, ბრაზილია, მთარგმნელი: უმერო კარდოსო, Lumme (2013)