გურამ რჩეულიშვილი

პროზაიკოსი

გურამ რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ “ცისკარში” გამოაქვეყნა 1957 წელს. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: “შემოდგომა ბაბუა კოტესი”, “სათაგური”, “სიყვარული მარტის თვეში”, “ნელი ტანგო”, “თვირთვილა”, “უსახელო უფლისციხელი” და “სიკვდილი მთაში”. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები — “ალავერდობა”, “უსახელო უფლისციხელი”. 1960 წლის 23 აგვისტოს 26 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, როცა ზღვაში გოგონას გადასარჩენად შევიდა. გურამ რჩეულიშვილი დაკრძალეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე.

ბიბლიოგრაფია
  • “სალამურა” მოთხრობათა კრებული (1961)
  • “მოთხრობები” (1995)
  • “იულონი” ტრაგედია პირველი, დრამატული რომანი, 1958 წლის დეკემბერი (1994)
  • შაშას რევოლუცია ანუ რევოლუცია ორთაჭალაში “ბამბის რიგზე” (1994)
  • ექვსტომეული (2002-2008)
  • “ნელი ტანგო” მოთხრობები (2005)