გურამ დოჩანაშვილი

პროზაიკოსი

გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში. 1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე და სხვ. 1956 წელს სუკ-მა გურამ დოჩანაშვილს ბრალად წაუყენა ანტისაბჭოთა პროპაგანდა, ხოლო სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს. 1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1962-1975 წლებში გურამ დოჩანაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი იყო. ამ პერიოდში მწერალი მონაწილეობდა ქვის ხანის 30-მდე ძეგლის შესწავლაში. 1975-1985 წლებში ჟურნალ “მნათობის” პროზის განყოფილების გამგე იყო, მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან დღემდე კინოსტუდია “ქართული ფილმის” მთავარი რედაქტორია. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ “ცისკარში” 1961 წელს. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

წიგნები:
  • “მთის გადაღმა”. მოთხრობები (1966)
  • “ნაბიჯი”. მოთხრობები (1969)
  • “ათასი წვრილმანი” (1972)
  • “მხიარული ბორცვი”. მოთხრობები (1971)
  • “სამოსელი პირველი”. რომანი. წ.1. (1975)
  • “სამოსელი პირველი”. რომანი. წ. 2. (1978)
  • “სამოსელი პირველი”. რომანი. წ. 3. (1980)
  • “სამოსელი პირველი”. რომანი. წ. 4. (1990)
  • “საქმე”. მოთხრობები (1974)
  • მოთხრობები (1976)
  • “ყველაზე კარგი პაპა”. ზღაპარი უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (1976)
  • “განმსდგომი შუაკაცი”. მოთხრობები (1983)
  • “სამოსელი პირველი”. რომანი(1982)
  • ორი მოთხრობა (1984)
  • “ბაქანი”. მოთხრობები (1988)
  • ოთხი მოთხრობა (1991)
  • მოთხრობები. მე-2 გამოც. (1987)
  • “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” (2001)
  • ხუთი მოთხრობა (2002)
  • “ძმისავ”. მოთხრობა.(2002)
  • “ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები”. ფანტასტ. მოთხრობა (2002)
  • “მხოლოდ ერთი კაცი”. მოთხრობები, (2002)
  • “სამოსელი პირველი”. რომანი ( 2002)
  • “დაეძებდა: ერთგვარი მოთხრობა, ალაგ დეტექტივიც” (2002)
  • “ძნელი”. მოთხრობები (2002)
  • “ხორუმი ქართული ცეკვაა”. პიესა (2003)
  • “ლოდი ნასაყდრალი”, რომანი (2002)
  • “ისედაც დასავლეთელები ომარა და გივია და პლანეტა ჰოლივუდი.” რომანი ( 2005)
  • “იქამდე”. მოთხრობები (1991)
  • “კეჟერაძეები”. ოთხი მოთხრობა (2005)
  • თხზულებები. ოთხტომეული (2003)
  • “Песня без слов” (1983)
  • “რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება” (2010)
ჯილდოები და პრემიები:
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის (2010)
  • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგის ორდენი ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისთვის (2013)