გოდერძი ჩოხელი

მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი

გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან — კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია “ქართულ ფილმში” დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1997 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.

1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი წერილი ნაძვებს. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: “ბინდისფერი სოფელი”, “თევზის წერილები”, “შემინახე, დედაო მიწავ!”, “სულეთის კიდობანი”, “არჩევნები სასაფლაოზე”. ლექსების კრებული “ბედი მდევარი”, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე “შავი არაგვი”, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: “მგელი”, და “მღდვლის ცოდვა”.

გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: “ნამეხარი მუხა”, “ადგილის დედა”, 1982 წელს გერმანიაში ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრან-პრი.

ბიბლიოგრაფია
  • “ბაკურხეველი ხევსური” (1980)
  • “წერილი ნაძვებს” (1980)
  • “ბინდისფერი ხეობა” (1981)
  • “ადამიანთა სევდა” (1984)
  • “მგელი” რომანი (1988)
  • “თევზის წერილები” (1989)
  • “მღვდლის ცოდვა” (1990)
  • “შემინახე, დედაო მიწავ” (1991)
  • “ბალახის ცხოვრება” (1997)
  • “ბინდისფერი ხეობიდან ცამდე” 164 რჩეული ნოველა (2013)
ჯილდოები და პრიზები
  • გრან–პრი ფილმისთვის “აღდგომა”, ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალი (1982)
  • “ვერცხლის ნიმფა” და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისთვის “ცოდვის შვილები”, მონტე კარლოს კინოფესტივალზე (1991)
  • იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი (1991)
  • პრიზები საუკეთესო სცენარისათვის და საუკეთესო რეჟისურისთვის თბილისის “ოქროს არწივის” ფესტივალზე (1992)
  • გრან პრი ანაპის ფესტივალზე “კინოშოკი” ფილმისათვის “სამოთხის გვრიტები” (1997)
  • პრიზი საუკეთესო სცენარისთვის ანაპის ფესტივალზე “კინოშოკი” ფილმისთვის “ლუკას სახარება” (1998)