გიორგი ლობჟანიძე

პოეტი, მთარგმნელი

გიორგი ლობჟანიძე დაიბადა 1974 წლის 20 თებერვალს ხაშურის რაიონის სოფელ ნაბახტევში. 1991 წელს დაამთავრა ხაშურის I საშუალო სკოლა და უგამოცდოდ ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სემიტოლოგიის განყოფილებაზე, არაბული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1996 წელს, უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მუშაობდა სემიტოლოგიის კათედრის მასწავლებლად, 1997 წელს კი გაემგზავრა ირანში, სადაც დაასრულა თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა რელიგიათა და მისტიკის ისტორიის სპეციალობით. 1999 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდგომ, მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის “კავკასიური სახლის” აღმოსავლური განყოფილების გამგე და “ისლამური კულტურის ცენტრის” ხელმძღვანელი. 2005 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია “იესო და მარიამი ყურანში”, რისთვისაც მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

პოეტური კრებულები
  • “დუღილის ტემპერატურა” (1997)
  • “ობლის კვერი” (2000)
  • “ბაბუაწვერების თაიგული” (2004)
  • “არაბულის მასწავლებელი” (2013)
თარგმანები
  • იბნ ალ-მუკაფფა “წიგნი ქალილასა და დიმნასი”
  • სოჰრაბ სეფეჰრი “წყლის ფეხის ჩქამი”
  • “სპარსული ზღაპრები”
  • ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, “იესო — ძე კაცისა” (2003)
  • ფორუყ ფაროხზადი, “მეორედ დაბადება” (2005)
  • ჯალალ ედ-დინ რუმი “ყაზალები” (2010)
  • ყურანი (2010)
  • საადი შირაზელი “გოლესთანი” (2010)
ჯილდოები და პრემიები
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, ნომინაციაში წლის საუკეთესო თარგმანი. ყურანი (2008)
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, ნომინაციაში წლის საუკეთესო თარგმანი. საადი შირაზელის “გოლესთანი” (2011)