გიორგი კეკელიძე

პოეტი

გიორგი კეკელიძე დაიბადა ქალაქ ოზურგეთში 1984 წელს. სწავლობდა ოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის №1 საშუალო სკოლაში. იყო ახალგაზრდული გაზეთის “რვას + 1” რედაქტორი. 2001-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი). 2006-2008 წლებში მუშაობდა რუსთავის №2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. არის ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ლიტერატურული კონკურს lib.ge-ს და ჟურნალ ლ’ილ-ის დამფუძნებელი; საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. 2012 წელს თავისუფალი უნივერსიტეტი და lib.ge ახალ არხზე (ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საგანმანათლებო არხი) იწყებს ტელეგადაცემა “ინტერპრეტაციას მოწვეულ სტუმრებთან საუბრობენ ლიტერატურაზე, რომელსაც სკოლაში და უნივერსიტეტებში ასწავლიან, ამ ტექსტების ახლებურ ინტერპრეტაციაზე. გადაცემას წამყვანი და ავტორი არის გიორგი კეკელიძე. თარგმნილი აქვს რამდენიმე ავსტრიელი პოეტი, მსოფლიოს ლიტერატურული ზღაპრები (“ჯადოსნური კარი”), სერგეი დორენკოს “რომანი 2008”. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. შეტანილია ქართველი პოეზიის აზერბაიჯანულ ანთოლოგიაში.

2008 წელს გამოსცა პოეტური კრებული “ოდები”. წიგნში ლექსებთან ერთად გაბნეულია სხვადასხვა კრიტიკოსის (გაგა ლომიძე, ზაზა შათირიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, რევაზ სირაძე, ლევან ბრეგაძე, ზურაბ კიკნაძე, თენგიზ კიკაჩეიშვილი, გივი ალხაზიშვილი) მარგინალია კრებულის შესახებ და გაფორმებულია დავით მესხის ფოტოებით. 2010 წელს ამავე გამომცემლობის მიერ გამოცემულ საბავშვო პოეზიის კრებულში შესულია გიორგი კეკელიძის რამდენიმე საბავშვო ლექსი. 2011 წელს გამომცემლობა “სიესტამ” ახალი სერია — “წიგნი თეფშზე” დაიწყო. სტანდარტული სტამბური პროცედურების ნაცვლად წიგნი მიაქვთ სუპერმარკეტში, სადაც ფურცლებს ათავსებენ და “აფასოებენ” პლასტიკატის თეფშებზე, ზუსტად ისეთებზე, რომლებიც გაყინული ქათმებისთვის, თევზისთვის, ბოსტნეულისთვის, ხილისთვის თუ ნამცხვრებისთვისაა განკუთვნილი. პირველი წიგნი ამ სერიიდან გიორგი კეკელიძის პოემა “ყორანი” გახლდათ. წიგნის შექმნაში მონაწილეობდნენ: გაგა ლომიძე — ოთხი თავის განმარტება; ოლეგ ტიმჩენკო — ნახატი “ყორანი”; ფოტო — გურამ წიბახაშვილი; ესკიზები — თამარა კალხიტაშვილი; გამოცემის კონცეფცია — ალექს ჩიღვინაძე; დიზაინი — გვანცა მახათაძე.

წიგნები:
  • “ოდა” პოეტური კრებული (2008)
  • “ყორანი” პოემა; სერიაში “წიგნი თეფშზე” (2011)
  • “გველის მჭამელი” გიორგი კეკელიძისა და გიგი ხორნაულის მიერ კომიქსად ადაპტირებული (2012)
ჯილდოები და პრემიები:
  • ლიტერატურული პრემია “საბა” — წლის საუკეთესო დებიუტი (2009)
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის პრემია (2009)
  • წლის წარმატებული ახალგაზრდა ლიტერატურის სფეროში (2010)
  • British Council ლონდონის წარმომადგენლობის კონკურს Poet in the City გამარჯვებული საქართველოდან (2010)
  • (lib.ge-ს ჯგუფთან ერთად) — მესამე ადგილი ჟურნალ ტაბულას ვებ-გამოკითხვაში “წლის ადამიანები” (2010)
  • წლის ადამიანი ჟურნალ “ცხელი შოკოლადი” (2010)
  • ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრემია “ოქროს ფრთა: ლიტერატურული ტელე და ინტერნეტ-პროექტებისთვის ინტერპრეტაცია და ლიტარეა (2012)
  • 2012 წლის ადამიანი ჟურნალ “ცხელი შოკოლადის ვერსიით ( ეროვნულ ბიბლიოთეკაში გატარებული აქტივობებისთვის) (2012)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებული (2013)
  • მუშვიგის საერთაშორისო პრემია (2013)