გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

დაიბადა 1944 წლის 26 მაისს, ქალაქ თელავში. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მისი ლექსები იბეჭდებოდა 60-იანი წლებიდან საუნივერსიტეტო გაზეთში, ალმანახ “პირველ სხივში”, “ახალგაზრდა კომუნისტში” და “ცისკარში”.

70-იან წლებში მუშაობდა ჟურნალ “ცისკარში” რეცენზენტად, ლიტმუშაკად, კრიტიკის რედაქციის გამგედ. “ცისკარში” მუშაობისას ინტენსიურად თანამშრომლობდა ახალგაზრდა მწერლებთან და არაერთი მათგანის დებიუტი შედგა მისი ხელშეწყობით.

1989 წლიდან გამომცემლობა “მერანის” მთავარი რედაქტორია, 2003-2006 წლებში კი — ამავე გამომცემლობის დირექტორი.

90-იანი წლების მიწურულს, ოცდამეერთე საუკუნის პირველ წლებამდე, კულტურის უნივერსიტეტში უძღვებოდა ლიტერატურული დაოსტატების კურსს.

პოეტური კრებულები:
  • “ლექსები” (1972)
  • “მოგონებათა ქალაქი” (1975)
  • “უცხო ფრინველი” (1975)
  • “ლექსები პოემა” (1977)
  • “წარსულის სარკმელი” (1980)
  • “დიალოგი ფიქრში” (1981)
  • “თვალი — სულის სანთელი” (1982)
  • “ქარის დევნა” (1983)
  • “შენ ყოველივეს ხედავ, ცაო” (1985)
  • “სიტყვების მოლოდინი” (1987)
  • “აღმოცენება” (1987)
  • “გული ანათებს” (1989)
  • “ღამეთა ფერფლი” (1990)
  • “მხოლოდ სიყვარულზე” (1990)
  • “სინათლე წვეთში” (1995)
  • “გამოსვლა უდროობიდან” (1998)
  • “ერთტომეული” (1998)
  • “გაღწევის სურვილი” (2005)
  • “ქორონიკონი” (2006)
  • “ქორონიკონი 2007” (2008)
  • “100 ლექსი” (2010)
  • “ჩაბრუნებული მზერა” (2011)
  • “ეპისტოლეთა წიგნი” (2012)
  • “შენ ცოცხლობ ჩემში (2013)
რომანები:
  • “ამოდის თუ ჩადის მზე?!” (1999)
  • “სოდომიდან სოდომამდე” (1999)
  • “რკინის კარს აქეთ და იქით” (2002)
  • “მომავალი წარსული” (2010)
ესეების კრებული:
  • “სიტყებში გახიზნული ფიქრი” (2004)

გივი ალხაზიშვილი ინტენსიურად თარგმნიდა უცხოურ პოეზიასაც.

სხვადასხვა დროს თარგმნილი და გამოცემული აქვს:
  • ათანას ფეტი, “ღამეული ჩირაღდნები” (1979 )
  • კრებული “მარადი დღე” (ათანას ფეტის, ვლადიმირ სოლოვიოვის, ანდრეი ბელის და ალექსანდრ ბლოკი ლექსების (1984)
  • ვისლავა შიმბორსკა “ლექსები” (თარგმანი ეკუთვნის მიხელ ქვლივიძის და გივი ალხაზიშვილის) (1999)
  • ტუდორ არგეზის ლექსების კრებული
  • “მოლდავური პოეზიის ფურცლები” (გენო კალანდიასთან ერთად)
  • რაინერ მარია რილკეს ქართული თარგმანები დაიბეჭდა კავკასიური სახლის მიერ გამოცემული ხუთტომეულის პირველ და მეორე ტომში, რომელიც გამოსაცემად მოამზადა და საერთო რედაქცია გაუკეთა ნაირა გელაშვილმა (2007) და ასევე ავსტრიული პოეზიის მრავალტომეულში, რომელიც გამოსცა დათო ბარბაქაძემ. ამ გამოცემის პირველ წიგნში დაიბეჭდა რიჰარდ ფონ შაუკალის ალხაზიშვილისეული თარგმანი, ხოლო რილკეს პოეზიის თარგმანები – მესამე ტომში.

მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე: ინგლისურად, რუსულად, იტალიურად, უნგრულად, უკრაინულად, ესტონურად, მოლდავურად და ა.შ.

ჯილდოები და პრემიები:
  • 1998 წელს წიგნისათვის “გამოსვლა უდროობიდან” მიენიჭა აკაკი წერეთლის სახელობის პრემია;
  • 1999 წელს ამავე წიგნისთვის გადაეცა სახელმწიფო პრემია;
  • კრებულისათვის “ჩაბრუნებული მზერა”, 2011 წელს პოეზიის ნომინაციაში მიენიჭა პრემია “საბა”.