ბესიკ ხარანაული

პოეტი, პროზაიკოსი

ბესიკ ხარანაული დაიბადა 1939 წლის 11 ნოემბერს, თიანეთში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ბესიკ ხარანაულის თითქოს არატრადიციულმა, მაგრამ, სინამდვილეში, ფშაურ კილოსთან და ხალხურ ლექსთან დაახლოებულმა, ირონიულმა და იმავდროულად, მოდერნისტულმა შემოქმედებამ თვისობრივი სიახლე შეიტანა მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების და შემდგომი დროის პოეზიაში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. სხვადასხვა დროს იყო გამომცემლობა “ლიტერატურა და ხელოვნების” უმცროსი რედაქტორი (1963-1967); გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოს” რედაქტორი (1967-1972); ჟურნალ “მნათობის” რედაქციის განყოფილების გამგე, შემდეგ რედაქტორის მოადგილე (1972-1998); გამომცემლობა “ნაკადულის” დირექტორი (1999). მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე.

ბიბლიოგრაფია
  • “ხეიბარი თოჯინა” (1973)
  • “შუადღის წიგნი” (1991)
  • “აგონიური” (1991)
  • “ლექსები, პოემები” (1991)
  • “მიკარნახე ანგელინა!” პოემა (1995)
  • “წიგნი ამბა ბესარიონისა” პოემა (2003)
  • “ორივ ფურცელი ცის და მიწისა” (2005)
  • “ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის” რომანი (2005)
  • “100 ლექსი” სერიით: ქართული პოეზია”( 2007)
  • “სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი”(2010)
  • “ლექსები, პოემები 1954-2005” (2012)
ჯილდოები და პრემიები
  • რუსთაველის პრემია
  • ილია ჭავჭავაძის პრემია
  • სახელმწიფო პრემია (1993)
  • ლიტერატურული პრემია “საბა” საუკეთესო პოეტური კრებულისთვის “წიგნი ამბა ბესარიონისა” (2004)
  • ლიტერატურული პრემია “გალა” წიგნისთვის “ლექსები, პოემები” (2012)